
ომბუდსმენის კონსილიუმი: "სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს, რაც კუნთების დაშლას იწვევს"
27/04/2022 12:22:10 საზოგადოება
საქართველოს სახალხო დმაცველის კონსილიუმის წევრი, ნერვოლოგი თენგიზ წულაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილო აქვს და ეფექტური იქნება მკურნალობის დროს გარემოს შეცვლა.
"უფრო სუსტად გამოიყურება. ჩვენ გავეცანით ისტორიას, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს, რომ პაციენტის უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს – ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს. იმ ცილებს, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, იღებს ორგანოების და კუნთების დაშლის საშუალებით, შესაბამისად, ამ დროს კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება და ადამიანის მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული. ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.
ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე, 600-800 კალორიამდე, რომელშიც, პრაქტიკულად, ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა შემცირებულია. ასევე არის წამოდგომის დროს წნევის ვარდნა, გონების დაკარგვა არა, მაგრამ მისი წინარე მდგომარეობა. შესაძლებელია და მოსალოდნელია, მოჰყვეს გონების დაკარგვა.
მართლია ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარემო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. მათ შორის, ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალთან და ის შეგნებულად თუ შეუგნებლად უარს ამბობს ამ ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი", - ამბობს ექიმი თენგიზ წულაძე.
მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე 20 აპრილის სასამართლო სხდომაზეც ისაუბრა. ის სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და ექიმის დახმარებაც ითხოვა.
22 აპრილს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა უსაფუძვლო უწოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბარს.
სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მან დაკავების დღესვე შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო, შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს ის დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ ამ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანა.