
რუს პენსიონერს მიკროავტობუსის სალონიდან Z–ის მოხსნის მოთხოვნისთვის პატიმრობა ემუქრება
27/04/2022 11:00:05 მსოფლიო, საზოგადოება
რუსეთში, ულან-უდეში მიკროავტობუსის მძღოლმა პენსიონერი ნატალია ფილონოვა პოლიციაში წაიყვანა ქალის მოთხოვნის შემდეგ, სალონში ასო Z მოეხსნათ.
როგორც პენსიონერის ინტერესების დამცველი ნადეჟდა ნიზოვკი ყვება, ინციდენტი 26 აპრილის საღამოს მოხდა: ქალი მიკროავტობუსში ჩაჯდა, სალონში დაინახა ასო Z და მძღოლს მისი მოხსნა სთხოვა. მძღოლმა ამაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ ავტობუსი არ დაიძვრებოდა, ვიდრე ფილონოვა მანქანიდან არ გადავიდოდა. თავის მხრივ ქალმაც უარი თქვა მძღოლის მოთხოვნის შესრულებაზე. მძღოლმა ტრანსპორტიდან ყველა დანარჩენი მგზავრი ჩამოსვა, ხოლო ფილონოვა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა.
„ამ მძღოლმა ქალი თავად დააკავა. არ ვიცი, ვინ მოითხოვა ეს მისგან", - ამბობს ადვოკატი.
პოლიციაში პენსიონერს ბრალი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს.
„ალბათ, ეს იმით არის განპირობებული, რომ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით შეუძლიათ, 15 დღემდე პატიმრობა განუსაზღვრონ, ხოლო საჯარო დისკრედიტაცია მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებს. სავარაუდოდ, ნატალიას მოგვიანებით ჯარის დისკრედიტაციას დასდებენ ბრალად“,– ვარაუდობს ადვოკატი.
ფილონოვა პოლიციის განყოფილებაში შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალი ამჟამადაც სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.
ირკვევა, რომ 2021 წელს ნატალია ფილონოვამ ორი ჯარიმა მიიღო აქციაში მონაწილეობის წესების განმეორებით დარღვევისთვის, რადგან მან არაერთხელ მიიღო მონაწილეობა პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამართულ გამოსვლებში.
ჯარიმის საერთო ოდენობამ 400 ათასი რუბლი შეადგინა.
ფილონოვა პენსიონერია, არსად მუშაობს და ჯარიმების გადახდა პენსიით უწევს.