
ორი დაჭრილი მარიუპოლელი ბავშვი რუსეთიდან კიევში დააბრუნეს
27/04/2022 07:02:23 ევროპა
8 და 9 წლის მოზარდების, რომლებიც მარიუპოლში მარტში დაჭრეს და გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში, უკრაინაში დაბრუნება მოხერხდა და ამჟამად ისინი მკურნალობას კიევში გადიან,– იუწყება უკრაინის გენპროკურატურა.
„ცნობილი გახდა, რომ 20 მარტს, დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის აგრესორი ქვეყნის ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა, 23 მარტს კი 8 წლის. ოკუპანტებმა ბავშვები წაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში, ახლა ისინი დააბრუნეს უკრაინაში და კიევის "Okhmatdet"-ში მკურნალობენ“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
ოფისის ცნობით, 27 აპრილის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 610 ბავშვი დაზარალდა, მათგან 217 დაიღუპა, თუმცა მონაცემები საბოლოო არ არის: აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებში და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსხვერპლის დათვლა შეუძლებელია.
პროკურატურის ინფორმაციით, ყოველდღიური დაბომბვის შედეგად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა 1508 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს, მათგან 102 მთლიანად განადგურდა.