"ბოლო წლებში რუსეთი თავს დაესხა ქვეყნებს, რომლებიც ნატო-ს წევრები არ იყვნენ"
27/04/2022 06:10:46 მსოფლიო
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
სხდომისას მას კითხვა რესპუბლიკელმა სენატორმა რენდ პოლმა დაუსვა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ომს უკრაინაში "არანაირი გამართლება" არ აქვს, თუმცა "ეს არ ნიშნავს, რომ შეჭრას არანაირი ახსნა არ აქვს". მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების "აგიტაციას" ეწეოდა.
სენატორის საპასუხოდ, ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ იცავს ალიანსის "ღია კარის" პოლიტიკასა და "ძირითად პრინციპს, რომ ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს მეორეს, თუ ვისთან შევიდეს ალიანსში".
პოლის თქმით, უკრაინა რომ ნატო-ს წევრი ყოფილიყო, მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა "აშშ-ს ჯარისკაცები ახლა უკრაინაში იბრძოლებდნენ". ამაზე ბლინკენმა უპასუხა, რომ ნატო-ს წევრობა ქვეყნებს რუსული აგრესიისგან იცავდა.
"თუ შეხედავთ ქვეყნებს, რომლებსაც ბოლო წლებში რუსეთი თავს დაესხა, ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები არ იყვნენ. რუსეთი თავს არ დასხმია ალიანსის წევრ ქვეყნებს", – განაცხადა საპასუხოდ ბლინკენმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრის მიზეზი "არასოდეს ყოფილა ის, რომ უკრაინა პოტენციურად ნატო-ს წევრია და ამის მიზეზი იყო [პუტინის] რწმენა, რომ უკრაინა არ იმსახურებს იყოს სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა".


