გერაშენკო: "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქის რამდენიმე დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს"
27/04/2022 06:03:28 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქში 3 დასახლებაზე კონტროლი სრულად აღადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აღადგინეს სრული კონტროლი სნიჰურივკას დასავლეთით სამ სოფელზე: შიროკეზე, ლიუბინზე და ნოვოპეტრივკაზე", - დაწერა გერაშენკომ "ტელეგრამში".
ამასთან, ოპერატიული სარდლობა "სამხრეთის" ცნობით, ხერსონის ოლქში მტერი წინსვლას ცდილობდა მიკოლაევის სოფლების, ნოვა ზარიასა და ტავრის მიმართულებით, თუმცა ზარალი განიცადეს და უკან დაიხიეს.
ცნობისთვის: რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


