პოლონეთმა რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა
26/04/2022 11:20:04 მსოფლიო
უკრაინაში შეჭრის გამო პოლონეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. "შავ სიაში" 35 რუსული და ბელარუსული კომპანია ფიგურირებს, ასევე პირადი სანქციები დაუწესდა 15 პირს რუსეთიდან და ბელარუსიდან. სანქციების სია პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.
სანქციების ქვეშ მოექცნენ უმსხვილესი რუსული ენერგეტიკული კომპანიები: "გაზპრომი" და გაზის კომპანია "ნოვატეკი".
სანქციების სიაში მყოფ რუსებს შორის არიან: "როსნეფტის" აღმასრულებელი დირექტორი იგორ სეჩინი, "ალფა ბანკის" დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი, "Wildberries"-ის დამფუძნებელი ტატიანა ბაკალჩუკი, "კასპერსკის" დამფუძნებელი ევგენი კასპერსკი და ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა.
ეს სია ევროკავშირის სანქციების სიას ემატება, განმარტა პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მარიუშ კამინსკიმ.
როგორც კამინსკიმ აღნიშნა, სანქციების ქვეშ მოქცეული კომპანიების ფინანსური და ქონებრივი აქტივები გაიყინება და მათ ბიზნესში მონაწილეობა აეკრძალებათ. სანქციების სიაში შეყვანილ პირებს ქვეყანაში შესვლაც ეკრძალებათ.


