დნესტრისპირეთში აფეთქებების შემდეგ, ხალხი მასიურად გადადის მოლდოვას კონტროლირებად ტერიტორიაზე – მედია
26/04/2022 09:49:00 მსოფლიო
სეპარატისტულ დნესტრისპირეთში აფეთქებების თაობაზე შეტყობინებების შემდეგ, მანქანების კოლონა მოლდოვას მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიისკენ დაიძრა.
უჩვეულო საცობები სეპარატისტული რეგიონის გადასვლელში დააფიქსირეს.

ადგილობრივი მედია ამას აღდგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებული დასვენების დღეების შემდეგ ხალხის შინ დაბრუნებით ხსნის, ხოლო დე ფაქტო მთავრობა – ავტომანქანების დეტალური შემოწმებით.
26 აპრილს მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია დნესტრისპირეთში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.
25 აპრილს ტირასპოლში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაში დღის მეორე ნახევარში აფეთქებები მოხდა, მეორე დღეს კი ტელემაუწყებლის ანძა ააფეთქეს. ცოტა ხნის წინ კი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი აფეთქების შესახებ განაცხადა. კერძოდ, საუბარია სოფელ პარკანის მახლობლად მდებარე სამხედრო ნაწილზე.
სეპარატისტულ დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვას უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ენდონ ცნობებს უცნობი წყაროებიდან.
ოთხი დღის წინ, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის მეორე ეტაპის მიზნები დაასახელა. მიზნებში ნახსენები იყო დნესტრისპირეთთან სახმელეთო დერეფნის შექმნა.
"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ, სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ". – ამბობდა მინეკაევი.
იხილეთ ასევე: რატომ არის დნესტრისპირეთი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი
მოლდოვამ, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დნესტრისპირეთზე რეალური კონტროლი დაკარგა, როცა რეგიონის სეპარატისტმა ლიდერებმა 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამას მოჰყვა 1992 წლის ომი მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.
ამჟამად დნესტრისპირეთში რუსეთის 1400-მდე სამხედრო იმყოფება.


