კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ძალების გაძლიერება გადაწყდა
26/04/2022 07:12:45 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა კორეის სახალხო არმიის 90 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე განაცხადა გადაწყვეტილების შესახებ, რომ კიდევ უფრო გააძლიერებს ბირთვულ პოტენციალს,– იუწყება ადგილობრივი სახელმწიფო მედია.
სიტყვით გამოსვლისას კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ ქვეყნის ბირთვული პოტენციალის ზრდას „უსწრაფესი ტემპით“ განახორციელებს.
მისი თქმით, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ყურადღებით მოემზადება, რათა ნებისმიერ დროს შეძლოს მიმართოს ბირთვულ „შეკავებას“:
„ატომური ენერგიასთან დაკავშირებით ჩვენი ძირითადი მისია ომის შეკავებაა, მაგრამ ჩვენი ბირთვული იარაღი არ შეიძლება, შემოიფარგლოს მხოლოდ ომის თავიდან აცილებით“.
კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ძალა, რომელიც სამხედრო დაპირისპირებას ესწრაფვის, შეწყვეტს არსებობას და რომ ჩრდილოეთ კორეა "სრულიად მზად არის, განახორციელოს ბირთვული შეკავების მისია ნებისმიერ დროს“.
აღლუმი ორშაბათს საღამოს კიმ ილ სუნის მოედანზე გაიმართა. ეს არის პირველი სამხედრო აღლუმი კორეის სახალხო არმიის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად (დაარსდა ქვეყნის დამფუძნებლის კიმ ილ სუნგის მიერ 1932 წელს) და მე-12 ძირითადი სამხედრო აღლუმი კიმის ხელმძღვანელობით.
ჩვეულებრივ, ჩრდილოეთ კორეაში ასეთი აღლუმები იმართება ქვეყნის დამფუძნებლის კიმ ირ სენის დაბადების დღეზე – 15 აპრილს, მმართველი მუშათა პარტიის დაარსების დღეს – 10 ოქტომბერს, ან ქვეყნის დაარსების დღეს – 9 სექტემბერს.
აღლუმი ტარდება სამხრეთ კორეის მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ ფხენიანმა შესაძლოა, ბირთვული გამოცდა ჩაატაროს მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში განახორციელა კონტინენტური რაკეტის საცდელი გაშვება, რაც პირველი იყო 2017 წლის შემდეგ.


