
კულება – ლავროვის მუქარაზე: „მოსკოვი თავს დამარცხებულად გრძნობს“
26/04/2022 06:47:47 ევროპა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელის მუქარა მესამე მსოფლიო ომის შესახებ იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი უკრაინაში თავს დამარცხებულად გრძნობს.
მისი აზრით, რუსეთი კარგავს თავის ბოლო იმედს, შეაშინოს მსოფლიო, უარი ათქმევინოს უკრაინის მხარდაჭერაზე და ამიტომ დაიწყო საუბარი მესამე მსოფლიო ომის "რეალურ" საფრთხეზე.
"ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი თავს დამარცხებულად გრძნობს უკრაინაში. ამიტომ, მსოფლიომ კიდევ უფრო მეტად უნდა დაგვიჭიროს მხარი, რათა გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება", - წერს კულება „ტვიტერზე“.
მანამდე სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე „სერიოზული და რეალურია“:
„საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და არ შეიძლება მისი არასათანადოდ შეფასება. მე არ ვისურვებდი, რომ ახლა, როდესაც რისკები მართლაც ძალზე არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად გაიზარდოს. ამის მსურველი კი ცოტა არ არის“.
აშშ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კატასტროფულ შედეგებზე აფრთხილებს. შესაბამისი განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა "ЄВРОПЕЙСЬКА ПРАВДА"-სთან ინტერვიუში გააკეთა.
"ჩვენ საქმე გვაქვს პუტინთან და მან უკვე გასცა ბრძანება საშინელი, სასტიკი სამხედრო დანაშაულებების ჩადენის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს სხვადასხვა ტიპის იარაღი. ახლა ჩვენ - და არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ტრანსატლანტიკური საზოგადოების სხვა წევრებიც - მოვუწოდებთ პუტინს, რომ ეს ნაბიჯი იქნება კატასტროფული არა მხოლოდ უკრაინისთვის და მსოფლიოსთვის, არამედ პუტინისა და რუსეთისთვისაც“, - განაცხადა ნულანდმა.
მისი თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში უკრაინა მარტო არ დარჩება, "რადგან ასეთი იარაღის გამოყენება სიტუაციას ფუნდამენტურად ახალ დონეზე აიყვანს".
"შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ამ შემთხვევაში პუტინის ქმედებების ფასი ასტრონომიული იქნება“, - განაცხადა ნულანდმა.