
თემირლანის საქმე: რა შემთხვევაში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია
19/09/2019 12:53:39 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ თუ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურა არ წარმოადგენს გამოძიების მიმდინარეობაზე დამაჯერებელ ინფორმაციას, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მის ანგარიშს უსმენენ.
„ჩვენ პირდაპირ გვიწერია ანგარიშში, რომ იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა და გენერალური პროკურორი არ წარმოადგენს თქვენსთვის საკმარის ინფორმაციას, როგორ მიმდინარეობს გამოძიება და არ იქნება ეს თქვენთვის დამაჯერებელი (ეს ნამდვილად სიცოცხლის უფლების დარღვევის უმნიშვნელოვანესი საქმეა), ვფიქრობ, ჩვენ არ გვრჩება სხვა ბერკეტი გარდა იმისა, რომ საქართველოს არლამენტმა დაიწყოს მსჯელობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას განცხადებით, დეპუტატებს ხშირად აქვთ შეკითხვები მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რა ინფორმაციას ფლობს ომბუდსმენი, თუმცა სახალხო დამცველს სისხლის სამართლის მასალებთან წვდომა არ აქვს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შეფასება შეძლოს.
„სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა იმ კანონპროექტს, რომ ჩვენ გვქონოდა უფრო მეტი წვდომა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე,“- განაცხადა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ ორი წელია, ოჯახი საქმის ობიექტრ გამოძიებას ითხოვს. თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაჭრეს, მოგვაინებით ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის მტკიცებით, ის ტერორიზმთან იყო კავშირში, თუმცა დამადასტურებელი მტკიცებულებები საჯარო არ გამხდარა. ამასთან, სუს-ის ვერსიით, თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა და მის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი სწორედ ამიტომ იყო გამოყემებული. ოჯახის მონაცემებით, მაჩალიკაშვილს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონდა, მეტიც, სპეცრაზმელებს მისამართი შეეშალათ, ხოლო სპეცრაზმელმა მას ფაქტობრივად, მძინარეს ესროლა, ხელყუმბარად კი ტელეფონი მიიჩნიეს, რომელიც თემირლანს თან ჰქონდა.