კულებამ მსოფლიო ლიდერები გააკრიტიკა მათი "საბაბისა და ნახევრად ზომების" გამო, დააწესონ რუსულ ნავთობზე ემბარგო
25/04/2022 13:18:13 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გააკრიტიკა მსოფლიო ლიდერები მათი "საბაბისა და ნახევრად ზომების" გამო, დააწესონ რუსულ ნავთობზე ემბარგო.
მისი თქმით, მაშინ როცა რიგი ლიდერები რუსეთისთვის ენერგოემბარგოს დაწესების საბაბზე საუბრობენ და "ნახევრად ზომებს იღებენ, უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ".
მან მოუწოდა ევროკავშირის რუსულ ნავთობზე ემბარგო დააწესოს:
"თუ მსოფლიო ლიდერებსა და ბიზნესს სერიოზულად აქვთ განზრახული რუსეთის ომის დანაშაულების დასრულება, მათ, პირველ რიგში, პუტინს უნდა მოუსპონ ნავთობის შემოსავალის წყაროები. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა! ევროკავშირმა რეალური ემბარგო უნდა დააწესოს რუსულ ნავთობზე. მოდით ნათლად განვაცხადოთ: ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს ნებისმიერ რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს, როგორც 100%–ით რუსული ნავთობი. ნუ მისცემთ რუსებს უფლებას, გვერდი აუარონ შეზღუდვებს", – განაცხადა კულებამ.
მანამდე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.
უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, რომ ემბარგო დაუწესდეს რუსულ გაზსა და ნავთობს, რათა "შეწყდეს პუტინის ომის მანქანის დაფინანსება". ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც ამჟამად ყველა წევრი სახელმწიფო მუშაობს, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებაა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


