"რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს"
25/04/2022 09:55:14 მსოფლიო
რუსულ გაზსა და ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ევროკავშირის სახელმწიფოებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვა ან საჯარიმო გადასახადების დაწესების მსგავსი ალტერნატიული სანქციები მნიშვნელოვანია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლის გასაძლიერებლად და მოლაპარაკების მაგიდასთან იძულებით მისაყვანად, მაგრამ ამ ეტაპზე ევროკავშირში ერთიანი პოზიცია არ არსებობს", – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ენერგოემბარგოს შესაძლო დაწესების საკითხი 30-31–სთვის დაგეგმილ ევროკავშირის სამიტზე განიხილება.
უკრაინის ხელისუფლება მოითხოვს, რომ ემბარგო დაუწესდეს რუსულ გაზსა და ნავთობს, რათა "შეწყდეს პუტინის ომის მანქანის დაფინანსება". ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ერთადერთი, რაზეც ამჟამად ყველა წევრი სახელმწიფო მუშაობს, რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირებაა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


