რუსებმა უკრაინაში რკინიგზის 5 სადგური დაბომბეს
25/04/2022 09:12:52 მსოფლიო
25 აპრილის დილას რუსებმა ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში რკინიგზის 5 სადგური დაბომბეს.
უკრაინის რკინიგზის ხელმძღვანელის ალექსანდრ კამიშინის განცხადებით, შედეგად 16 სამგზავრო მატარებელი გაჩერდა, თუმცა მალევე 2-მა მათგანმა გზის გაგრძელება შეძლო.
"არის მსხვერპლი. დეტალებს ვაზუსტებთ", - განაცხადა კამიშინმა.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


