ბაიდენი: "გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას"
25/04/2022 08:25:13 მსოფლიო
აშშ უკრაინას ჰპირდება, რომ ქვეყნის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„ორი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო, კიევი კვლავ დგას. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა რჩებიან ხელისუფლებაში. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას სამშობლოს დაცვისთვის ბრძოლაში“, – აცხადებს ბაიდენი.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები კიევს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


