რუსეთის ელჩი: "აშშ-ს საპროტესტო ნოტა გავუგზავნე"
25/04/2022 07:59:29 მსოფლიო
რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა ნოტა მოთხოვნით, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მას ნოტის გაგზავნის თარიღი არ დაუსახელებია.
რუსული მედიის ცნობით, ანტონოვმა აღნიშნა, რომ 800 მილიონის ოდენობის შეიარაღება „უზარმაზარი ციფრია და ხელს არ უწყობს სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებას“.
ანტონოვის განცხადებით, "აშშ სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას ცდილობს".
მხოლოდ 15-21 აპრილის პერიოდში, აშშ-მა უკრაინას ორჯერ გაუწია 800-800 მილიონიანი ოდენობის სამხედრო დახმარება. ამ მოცულობის პირველი დახმარების შემდეგ, გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერდა, რომ რუსეთმა აშშ-ს გაუგზავნა ნოტა გაფრთხილებით, შეაჩერონ უკრაინის "უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებადი შედეგებით ემუქრება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“.
24 აპრილს კიევში იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. სააგენტო AP-ს ინფორმაციით, მათ პრეზიდენტ ზელენსკის აცნობეს, რომ უკრაინა აშშ-ისგან მიიღებს კიდევ 322 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას.
პენტაგონის 21 აპრილის მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან, აშშ-მა უკრაინას გაუწია 3.4 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.


