ოსტინისა და ბლინკენის ვიზიტის პარალელურად, ლვოვში საჰაერო თავდასხმის თაობაზე იუწყებიან
25/04/2022 07:16:52 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტის პარალელურად, ლვოვში საჰაერო თავდასხმის თაობაზე იუწყებიან.
ლვოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა, მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
"ხანძარი ზოლოჩივის რაიონის ორ დასახლებაში გაჩნდა. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ. დარჩით თავშესაფრებში“, – აცხადებს მაქსიმ კოზიცკი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი კიევში ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდენენ. ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და 165 მლნ დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.
ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.
ცოტა ხნის წინ ბლინკენმა და ოსტინმა პოლონეთ-უკრაინის საზღვართან პრეს–კონგფერენცია გამართეს.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


