Accentnews.ge
ბლინკენი: "რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს"

ბლინკენი: "რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს"

25/04/2022 06:53:03 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებით, "რუსეთი მარცხდება, უკრაინა წარმატებას აღწევს". ამის შესახებ მან თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად პოლონეთ-უკრაინის საზღვართან გამართულ პრეს–კონგფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ვერ წაართვა უკრაინას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა.

"ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება ომი, მაგრამ ვიცით, რომ სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე ვლადიმირ პუტინი არენაზე იქნება“, – განაცხადა ბლინკენმა.

როგორც მან აღნიშნა, "უკრაინაში ნგრევა და მსხვერპლი გრძელდება, თუმცა უკრაინელები მტკიცედ დგანან".

"უკრაინელები იბრძვიან, მტკიცედ დგანან და ისინი ამას აკეთებენ იმ მხარდაჭერით, რომელიც კოორიდინირებულია ფაქტობრივად მთელი მსოფლიოდან. სტრატეგიას, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ – უკრაინის მხარდაჭერა, ზეწოლა რუსეთზე, სოლიდარობა 30-ზე მეტ ქვეყანასთან, რომლებიც ჩართულნი არიან ამ ძალისხმევაში – აქვს რეალური შედეგები. და ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც საქმე ეხება რუსეთის ომის მიზნებს, რუსეთი მარცხდება, უკრაინა კი წარმატებას აღწევს", – განაცხადა ბლინკენმა.

თავის მხრივ, ოსტინმა აღნიშნა, რომ აშშ კიევის მტკიცე მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

ბლინკენი და ოსტინი კიევში ჩავიდნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდენენ. ბლინკენმა და ოსტინმა ზელენსკის აცნობეს, რომ აშშ უკრაინას დამატებით 322მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს და 165 მლნ დოლარის ოდენობის საბრძოლო მასალას მიჰყიდის.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოფიციალურად დანიშნავს ახალ ელჩს და კიევში ეტაპობრივად დაბრუნდებიან უკრაინიდან ომის გამო წასული ამერიკელი დიპლომატებიც.

ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S