
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონმა გაიმარჯვა, ლე პენმა მარცხი აღიარა
24/04/2022 19:25:37 ევროპა
ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრისტმა ემანუელ მაკრონმა 58%-ით გაიმარჯვა. შესაბამისად, მისმა კონკურენტმა, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, მარინ ლე პენმა 42% მიიღო,- იუწყება BBC.
საარჩევნო უბნები საფრანგეთის დროით 20:00-ზე დაიხურა.
თუ საბოლოო შედეგები ეგზიტპოლებს დაემთხვევა, მაკრონი უკანასკნელ 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.
მისმა კონკურენტმა მარცხი აღიარა და მაკრონს გამარჯვება მიულოცა.
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტად პირველად 2017 წელს აირჩიეს. მისი თქმით, მისი ყველაზე დიდი მიღწევა უმუშევრობის და გადასახადების შემცირებაა, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხარჯების ზრდა.
რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, მაკრონი საპენსიო მინიმალური ასაკის 62 წლიდან 65 წლამდე გაზრდას გეგმავს. ეკონომიკასთან მიმართებით მისი პოლიტიკა ცენტრისტულია. მანამდე, მან აღნიშნა, რომ არ აპირებს გადასახადებისა და ქვეყნის ვალის გაზრდას.
ამასთანავე, მაკრონი აპირებს გააგრძელოს, როგორც თავად უწოდებს, ევროპის "სტრატეგიულ ავტონომიის" განვითარება თავდაცვის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროში და შეამციროს ბლოკის დამოკიდებულება სხვა ძალებზე. ასევე, წინასაარჩევნო კამპანიისას მაკრონმა აშშ-ს ტექნოლოგიურ გიგანტებზე მეტი რეგულაციაა დააანონსა. მეტიც, აღნიშნა, რომ სურს Facebook-ის პირისპირ შექმნას "ევროპული მეტავერსი".