
"უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლებიდან ოკუპანტები განდევნეს" – სინეგუბოვი
23/04/2022 12:39:05 ევროპა
ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარის ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს: ოკუპანტები ოლქის სამი დასახლებული პუნქტიდან განდევნეს და პოზიციები დაიკავეს.
"ფრონტის ხაზიდან სასიხარულო ამბავი გვაქვს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით ჩაატარეს კონტრშეტევა, შეტევითი ოპერაციები მტრის წინააღმდეგ გუშინ დილიდან წამოიწყეს. სასტიკი ბრძოლები მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩვენმა ნაწილებმა რუსული ჯარი განდევნეს ბეზრუკის, სლატინოს, პრუდიანკას დასახლებებიდან და პოზიციები დაიკავეს!" - წერს სინეგუბოვი.
სინეგუბოვის ინფორმაციით, ოკუპანტების შეტევის შედეგად ოლქში 19 ადამიანი დაიჭრა, 2 დაიღუპა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი იუწყებოდა, რომ უკრაინის სამხედრო ძალებმა ხერსონში ოკუპანტების სამეთაურო შტაბი დაბომბეს. ამასთან, მისივე ცნობით, შეტევისას ადგილზე რუსეთის ფედერაციის დაახლოებით, 50 ოფიცერი იყო.
"რაც შეეხება კარგ ამბებს, ჩვენ ხერსონის ოლქში რუსეთის მოწინავე სამეთაურო შტაბი დავბომბეთ. იქ 50-მდე მაღალი რანგის ოფიცერი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია, მაგრამ ძლიერი აფეთქება იყო". - თქვა არესტოვიჩმა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ ოკუპანტები ერთ დღეში ზაპოროჟიესა და იზიუმის მიმართულებით "ორიოდე კილომეტრით" წინ წავიდნენ.
"საკითხავია, წინ წავიდნენ იმიტომ, რომ უკრაინელები დაამარცხეს, თუ უკრაინის ქვედანაყოფებმა უკან დაიხიეს და ისინი შემოუშვეს? ეს ყველაფერი კილომეტრიანი წინსვლაა, რომელიც რუსეთის ოპერაციის მიზნებს არ შეესაბამება". - თქვა არესტოვიჩმა.