მოსკოვში კაცი ბოტასების შეფერილობის გამო დააკავეს
22/04/2022 10:41:54 მსოფლიო
რუსულმა სასამართლომ 10 000 რუბლით დააჯარიმა 40 წლის კაცი, რომელიც მოსკოვის ცენტრში ყვითელი და ლურჯი შეფერილობის სპორტული ფეხსაცმლის გამო დააკავეს.
როგორც დაკავებული კაცის ადვოკატი ილია უტკინი ყვება, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცენტრალურ უნივერმაღში იმყოფებოდა ცოლ-შვილისთვის საჩუქრების შესაძენად. პოლიციამ მამაკაცი თეატრის მოედანზე დააკავა და ლიანოზოვოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. იქ მის წინააღმდეგ შედგა ოქმი, რომელშიც მითითებული იყო, რომ კაცი ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებას მართავდნენ, ლოზუნგებით გამოდიოდა.
„ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და განუცხადეს, რომ კიდურებზე პოლიტიკური აგიტაციის ნიშნები ჰქონდა. ის აბსოლუტურად აპოლიტიკური პიროვნებაა, მაგრამ ესმის ყველაფერი, რადგან 40 წელია, ამ ქვეყანაში ცხოვრობს“,– დასძინა ადვოკატმა.
ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ რუსეთში აკავებენ ყველას, ვინც ამა თუ იმ ფორმით გამოხატავს საკუთარ პოზიციას ომის წინააღმდეგ.
ბრალდებული და მისი ადვკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.


