
რუსეთი უკრაინაში ომის მეორე ფაზის მიზნებს ასახელებს
22/04/2022 09:43:26 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა სვერდლოვსკის რეგიონის თავდაცვის მრეწველობის კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე უკრაინაში ომის ე.წ. მეორე ფაზის მიზნები დაასახელა.
კერძოდ, მისი თქმით, რუსეთის მიზანია სრული კონტროლი მოიპოვოს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე:
"სპეცოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებიდან, ის ზუსტად ორი დღის წინ უკვე დაიწყო, რუსული არმიის ერთ-ერთი ამოცანაა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება".
მინეკაევის თქმით, დონბასის სრული კონტროლი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს საშუალებას მისცემს ყირიმის მიმართულებით სახმელეთო დერეფანი შექმნან:
"ეს [დონბასზეკონტროლი] ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანს უზრუნველყოფს, ასევე, უკრაინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებზე იმოქმედებს, შავი ზღვის პორტებზე, საიდანაც [სხვა] ქვეყნებს სასოფლო-სამეურნეო და მეტალურგიური პროდუქცია მიეწოდებათ".
მინეკაევმა ასევე ისაუბრა სამხრეთ უკრაინის დაკავების მნიშვნელობაზეც და გამოხატა მოლდოვის ოკუპირებულ რეგიონთან, დნესტრისპირეთთან ხმელეთით დაკავშირების სურვილი:
"უკრაინის სამხრეთზე კონტროლი – ეს კიდევ ერთი გზაა დნესტრისპირეთისკენ, სადაც ასევე ხდება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. როგორც ჩანს, ახლა მთელ მსოფლიოს ვეომებით, როგორც დიდ სამამულო ომში იყო, მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო ჩვენს წინააღმდეგ იყო. ახლაც ასეა, მათ რუსეთი არასდროს ჰყვარებიათ".