აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პენტაგონში უკრაინის პრემიერს უმასპინძლა
22/04/2022 08:36:43 მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პენტაგონში უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს უმასპინძლა.
ამის შესახებ ოსტინმა სოციალურ ქსელში დაწერა და შეხვედრის ამსახველი ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ოსტინის თქმით, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა უკრაინის პრემიერს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა, მათ შორის 800 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებით, რომლის შესახებაც გუშინ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისაუბრა.
ცნობისთვის: აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის მძიმე არტილერიასა და უპილოტო საფრენ აპარატებს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


