ბრიტანული დაზვერვა განმარტავს, რატომ გადაიფიქრა პუტინმა „აზოვსტალზე" შტურმი
22/04/2022 06:41:49 მსოფლიო
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვალდიმირ პუტინმა „აზოვსტალზე" შტურმის შეწყვეტის ბრძანება რუსული ძალების აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ტერიტორიებზე განლაგების მიზნით გასცა.
მისი შეფასებით, რუსეთის მიერ ქარხანაზე სრული სახმელეთო თავდასხმის განხორციელება გამოიწვევდა მნიშვნელოვან მსხვერპლს, რაც კიდევ უფრო შეამცირებდა მათ საერთო საბრძოლო ეფექტურობას.
„აღმოსავლეთ დონბასში მძიმე დაბომბვა და ბრძოლები გრძელდება, რადგან რუსეთი ცდილობს წინსვლას დასახლებებისკენ, მათ შორის კრასნი ლიმანის, ბუჰაიკვას, ბარვინკოვეს, ლიმანისა და პოპასნას მიმართულებებით, რაც რეგიონში მათი გეგმების ნაწილია. რუსული ძალები კვლავ განიცდიან ზარალს, როგორსაც ისინი კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე განიცდიდნენ", - აცხადებს ბრიტანული დაზვერვა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


