
შამანი, რომელიც „კრემლიდან პუტინის განსადევნად“ მოსკოვში მიემართებოდა, ბურიატიიდან გაიტაცეს
19/09/2019 07:24:04 სხვა, მსოფლიო
დღეს ბურიატიაში შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს იაკუტი შამანი ალექსანდრე გაბიშევი, რომელიც „კრემლიდან პუტინის განსადევნად“ მოსკოვში მიემართებოდა.
როგორც ჟურნალისტებს შამანის ერთ–ერთმა მხარდამჭერმა აცნობა, ღამით მათ ბანაკთან, რომელიც ირკუცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან, დაბა ვიდრინოში ჰქონდათ მოწყობილი, რამდენიმე მანქანა მივიდა, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა შამანის კარავს ალყა შემოარტყეს, შიგნით შევარდნენ, გაბიშევი წააქციეს, კონდახებით ცემეს, შემდეგ მანქანისკენ წაათრიეს და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.
„ტრასა სპესსამსახურების შეიარაღებულ თანამშრომლებს ჰქონდათ გადაკეტილი. სულ ადგილზე 40–მდე შეიარაღებული პირი მოქმედებდა, ადგილობრივებმა შეამჩნიეს, რომ იმ მომენტში ტერიტორიაზე მობილური კავშირი იხშობოდა. ყველა, ვინც კითხვის დასმა გაბედა, პირქვე მიწაზე დააწვინეს. შამანთან ერთად დაკავებულია კიდევ რამდენიმე მისი მხარდამჭერი“, – ჰყვებიან თვითმხილველები.
სად იმყოფება ამჟამად გაბიძევი, უცნობია. ვარაუდობენ, რომ იგი ულან–უდეშია გადაყვანილი და უახლოეს ხანებში გავრცელდება ინფორმაცია მის წინააღმდეგ „ექსტემისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების“ ბრალდებით სს საქმე აღიძვრება. გარდა ამისა, ზოგიერთი რუსული მედიასაშუალების ცნობით, შამანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაუნიშნეს.
ბურიატიის საგამოძიებო უწყება მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. კომენტარები ჯერ–ჯერობით არც სხვა ძალოვან უწყებებში გაკეთებულა.
ცნობისთვის: ალექსანდრე გაბიშევი მოსკოვის მიმართულებით 4 თვის წინ დაიძრა. იგი რუსეთის პრეზიდენტს „ბნელი ძალების პირმშოდ“ მიიჩნევს, რომელთან გამკლავებაც მხოლოდ შამანებს შეუძლიათ. ამ დროის განმავლობაში მან თითქმის 2000 კმ განვლო და ასობით მოქალაქეს გაესაუბრა. ვიდეოებს, რომელიც გზად მის ქადაგებებს ასახავს, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
9 სექტემბერს ბურიატიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია დაიწყო. სამი დღის განმავლობაში მისი მონაწილეები, დარბევების მიუხედავად, მოედანს არ ტოვებდნენ. მათი მოთხოვნა ულან–უდეს მერის არჩევნების შედეგების გაუქმება და შამან გაბიშევის დაკავებული მხარდამჭერების გათავისუფლება იყო.
მიმდინარე წლის ივლისში გაბიშევმა მასობრივი მიტინგი მოაწყო ჩიტაში, სადაც ცენტრალურ მოედანზე 700–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შეკრების მთავარი ლოზუნგი იყო „რუსეთი პუტინის გარეშე“. შამანმა აუწყა შეკრებილებს, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე იაკუტიიდან დაძრული, მოსკოვამდე ჩაღწევას 2 წელიწადში აპირებდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ბრძოლა უკვე დაწყებული აქვს და ჯერ–ჯერობით ამ მიზნით მხოლოდ მშვიდობიან შეკრებებს იყენებს, თუმცა თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდება „სხვა მეთოდებსაც“ მიმართავს.