ბაიდენი უკრაინის მთავრობისთვის 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებისა და ლტოლვილებისთვის ახალი პროგრამის თაობაზე იუწყება
21/04/2022 14:57:44 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის მთავრობისთვის 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებისა და ლტოლვილებისთვის ახალი პროგრამის თაობაზე იუწყება. შესაბამისი განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა.
„გარდა იმისა, რომ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას ბრძოლის ველზე, ჩვენ ასევე ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების გაწევას უკრაინის მთავრობისთვის. აღნიშნული დაფინანსება შესაძლოა, გამოიყენოს უკრაინის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციისთვის, რუსეთის თავდასხმის შედეგად განადგურებული დასახლებების მხარდასაჭერად და იმ მამაცი მუშაკებისთვის ფულადი ანაზღაურების მისაცემად, რომლებიც უკრაინელი ხალხისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევას აგრძელებენ", – განაცხადა ბაიდენმა.
ამასთან, მან ლტოლვილებისთვის ახალი პროგრამის „გაერთიანდით უკრაინისთვის“ თაობაზე განაცხადა.
"ახალი პროგრამა, საშუალებას მისცემს უკრაინელებს, რომლებიც თავშესაფარს ეძებენ, ევროპიდან პირდაპირ შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ", – განაცხადა ბაიდენმა.
მანამდე, მან აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას დამატებით 800 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. მისი თქმით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს, მათ შორის მძიმე არტილერიასა და უპილოტო საფრენ აპარატებს.


