უკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 მაისამდე გახანგრძლივდა
21/04/2022 13:34:44 მსოფლიო
უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობა კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა.
შესაბამისი ინიციატივით პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას რამდენიმე დღის წინ მიმართა.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 25 მაისამდეა გამოცხადებული.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


