
NDI - საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის
21/04/2022 12:46:05 საზოგადოება
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში ეკონომიკის გაუარესებას, პრორუსული ძალების გააქტიურებასა და რუსეთის სამხედრო აგრესიას ელის.
კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოზე, გამოკითხულთა 52% აცხადებს , რომ მოსალოდნელია.
"ახალგაზრდები ყველაზე პესიმისტურად არიან განწყობილნი. თბილისის მაცხოვრებლები პრორუსული პოლიტიკური ძალების გააქტიურებაზე ყველაზე მეტად ღელავენ", - ნათქვამია კვლევაში.
ამავე კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ, თუმცა ზოგს არ სჯერა, რომ კრიზისის დროს მთავრობა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოსაკვლევად ორი კვლევა ჩაატარა, უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ. ორივე კვლევა შემთხვევითი შერჩევით სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩატარდა.
პირველი კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 3-15 თებერვალს (2036 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,8 პროცენტი. მეორე კვლევა კი 9-20 მარტის პერიოდში (2024 ინტერვიუ), ცდომილება იყო 1,6 პროცენტი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებს 24 თებერვლიდან ატარებს. ამ დროის განმავლობაში დაიბომბა საავადმყოფოები, სამშობიაროები და საცხოვრებელი სახლები.