კაპიტოლიუმის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
21/04/2022 12:38:45 მსოფლიო
ვაშინგტონში მდებარე კაპიტოლიუმის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი გახდა პოლიციის შეტყობინება იმის თაობაზე, რომ შენობას საეჭვო თვითმფრინავი უახლოვდებოდა.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ თვითმფრინავით სამხედრო პარაშუტისტები გადაჰყავდათ, რომელთაც საჩვენებელი გამოსვლა ჰქონდათ დაგეგმილი ბეისბოლის სტადიონზე.
ორძრავიანი თვითმფრინავი „De Havilland Twin Otter“-ი მერილენდის „ენდრიუსის“ ავიაბაზიდან აფრინდა და სამთავრობო შენობების რაიონში, ფრენისთვის აკრძალულ ზონაში შევიდა.ვაშინგტონის საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ საპატრულო გამანადგურებლები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები. თუმცა, შეტყობინება მათი მზადყოფნაში მოყვანის შესახებ არ გავრცელებულა.
როგორც სააგენტო Associated Press იუწყება, შექმნილმა გარემოებამ აჩვენა არმიას, სამოქალაქო ავიაციის მართვასა და პოლიციას შორის არსებული კომუნიკაციის „შოკისმომგვრელი ჩავარდნა“.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მომხდარს "აღმაშფოთებელი და საშინელი შეცდომა" უწოდა.
მომხდარს სწავლობენ არმიის, კონგრესის და ავიაციის წარმომადგენლები.


