პუტინი აღდგომას ტაძარში მივა
21/04/2022 11:07:09 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტრადიციულად სააღდგომო ღვთისმსახურებას ერთ-ერთ ტაძარში დაესწრება -ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
„მოველით, რომ ის აღდგომას ტაძარს ეწვევა, როგორც ამას ტრადიციულად აკეთებს“, - განაცხადა პესკოვმა პუტინის სადღესასწაულო გეგმებზე საუბრისას.
ვლადიმირ პუტინი ფართო საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება, უკანასკნელად იგი რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარი, ვლადიმირ ჟირინოვსკის გასვენებაში, ასევე 12 აპრილს კოსმოდრომ "ვოსტოჩნიზე" სტუმრობისას გამოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ასი ათასობით მართლმადიდებელი ქრისტიანი აღდგომის დღესასწაულს ტაძრებში ვერ შეხვდება. რუსულმა ძალებმა უკრაინაში არაერთი ტაძარი დაბომბეს.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


