ესპანეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრები კიევში ჩავიდნენ
21/04/2022 08:34:39 მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი კიევში ჩავიდნენ.
ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას აქვს ესპანეთის მხარდაჭერა, სოლიდარობა და ერთგულება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ესპანეთის და დანიის პრემიერ-მინისტრები სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავენ შეხვედრას.
პედრო სანჩესმა მანამდე განაცხადა, რომ ესპანეთის საელჩო კიევში სამუშაოდ „უახლოეს დღეებში“ დაბრუნდება.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


