თეთრი სახლი: "აშშ უკრაინას ძალიან მოკლე დროში გადასცემს მეტ დახმარებას უსაფრთხოებისთვის"
21/04/2022 07:42:13 მსოფლიო
თეთრი სახლის პრეს–მდივნის ჯენ ფსაკის განცხადებით, "აშშ უკრაინას ძალიან მოკლე დროში გადასცემს მეტ დახმარებას უსაფრთხოებისთვის"
მისი თქმით, აშშ მუშაობს უკრაინელ სამხედროებთან, რათა მიაწოდოს მათ ის შეიარაღება, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ:
"უკრაინელებთან ერთად ვმუშაობთ, რათა ზუსტად განვსაზღვროთ უსაფრთხოების სფეროში რა სახის დახმარება სჭირდებათ ომის ამ ეტაპზე. ეს მოიცავს არტილერიისა და საბრძოლო მასალების მიწოდების გაზრდას. შეერთებული შტატების პრეზიდენტი უყურებს ყველა კადრს, როგორც მე და ყველა ამერიკელი. ეს ძალიან ემოციურია, რადგან ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც იტანჯებიან დიქტატორის მიერ, რომელიც სასტიკად გაუსწორდა მშვიდობიან მოსახლეობას".
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


