"გუშინ მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით ოთხი საევაკუაციო ავტობუსი გავიდა, ევაკუაცია დღესაც გაგრძელდება"
21/04/2022 07:22:51 მსოფლიო
20 აპრილს მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნით ოთხი საევაკუაციო ავტობუსი გავიდა, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა.
„გუშინდელი ჰუმანიტარული დერეფნით ქალაქიდან ოთხმა საევაკუაციო ავტობუსმა შეძლო გამოსვლა. მათ ღამე გაათენეს ბერდიანკაში და ახლა ვასილიევკისკენ მიემართებიან. მალე ველოდებით მათ ზაპოროჟიეში“, – აღნიშნა ვერეშუკმა.
მისი თქმით, 21 აპრილს მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია გაგრძელდება.
საევაკუაციო ავტობუსებში ჩასხდომა ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან დაიწყება.
მარიუპოლი პირველი მარტიდან რუსეთის ძალებს ბლოკადაში ჰყავთ მოქცეული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქში დაახლოებით 100 ათასი ადამიანია დარჩენილი.


