"ნატო-ს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ"
21/04/2022 06:30:28 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ნატო-ს რიგ წევრებს უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ. ამის შესახებ მან „სიენენ თურქის“ ეთერში განაცხადა.
"ნატო-ს შიგნით არიან ქვეყნები, რომლებსაც უკრაინაში ომის გაგრძელება სურთ. ისინი ომის გაგრძელებაში რუსეთის დასუსტების გზას ხედავენ. მათ დიდად არ აწუხებთ უკრაინაში არსებული ვითარება", – განაცხადა ჩავუშოღლუმ
მისი თქმით, თურქეთი მზადაა, რუსეთ–უკრაინის პრეზიდენების შეხვედრას უმასპინძლოს:
"ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. თუ მსგავს შეხვედრაზე შეთანხმება იქნება, ის შესაძლოა, ანკარაში ან სტამბოლში გაიმართოს".
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


