შარლ მიშელი: "სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ, როგორც მამა, როგორც ადამიანი"
20/04/2022 19:41:15 მსოფლიო
სიტყვები არ მყოფნის, გამოვხატო, რა ვიგრძენი დღეს ბოროდიანკაში, როგორც მამამ და ადამიანმა, ამ სისასტიკის ჩამდენი აუცილებლად დაისჯება - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"შევხვდი ადამიანებს, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას თუ რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არამედ, როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სამხედრო დანაშაული, ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს უნდა დაისაჯონ. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს, ჯარისკაცებს, დონბასს, მარიუპოლს იმისთვის, რომ ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ ევროპული ღირებულებებისთვისაც აგრძელებენ, ასევე თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ დავეხმაროთ უკრაინას",- განაცხადა შარლ მიშელმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენკიმ ევროკავშირს მე-6, ძლიერი სანქციების პაკეტის ამოქმედება სთხოვა, რომელიც ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს მოიცავს.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში დაახლოებით 120 000 ადამიანი რჩება.
"რუსეთის ძალებმა დაიწყეს ახალი, ფართომასშტაბური შეტევა დონბასში. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი, ვხედავთ ყველა რისკს და ყველა ნაბიჯებს. ისინი განაგრძობენ სარაკეტო იერიშებს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. მათ მხოლოდ მარიუპოლში, მძევლად ჰყავთ 120 ათასი ადამიანი. დანაშაულები, რომლებიც ხდება მარიუპოლში, ბევრად საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ჩვენ შევძლებთ, პასუხი ვაგებინოთ ყველას დამნაშავეს და დარწმუნებული ვართ, რომ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შარლ მიშელი უკრაინაში დღეს ჩავიდა.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


