უკრაინაში მებრძოლი გიორგი ქუფარაშვილი: "აზოვსტალში" გამაგრებულმა მებრძლებმა პუტინის გეგმას სილა გააწნეს"
20/04/2022 19:27:07 მსოფლიო
"აზოვის" პოლკის ერთ-ერთი შემქმნელის, უკრაინაში მებრძოლი გიორგი ქუფარაშვილის თქმით, აზოვის ბატალიონი ქვეყნის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა.
გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" მან მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "აზოვსტალში" გამაგრებულმა მებრძლებმა პუტინის გეგმას სილა გააწნეს" .
"რაც შეეხება "აზოვს" - ერთმა პატარა ქვედანაყოფმა პუტინის გეგმას და მის გენერალიტეტს ფაქტობრივად სილა გააწნა, ჩაუშალა. დღეს ყველა აზოველები ვართ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და სხვა მრავალ ქვეყანაში. ყველა ვიბრძვით, რომ რაღაცნაირად ამ იმპერიული ძალის წინააღმდეგ ვიმოქმედოთ, "აზოვი" დღეს გახდა სიმბოლო. მას [პუტინს] უნდა, რომ ეს სიმბოლო გაანადგუროს. დასაჯოს მარიუპოლი თავისი "აზოვით", რომ ანახოს, რომ თქვენი საუკეთესო ქვედანაყოფი და იმედი გაანადგუროს", - განაცხადა ქუფარაშვილმა.
ქუფარაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან იყო შეთავაზება, საჭიროების შემთხვევაში მებრძოლებს "აზოვსტალი" დაეტოვებინათ, თუმცა როგორც მან აღნიშნა, იქ გამაგრებული ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოლებენ და არ დანებდებიან:
"ეს ბიჭები დარჩებიან ბოლომდე, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა ყოველი მათგანის. ეს არის სიმბოლო - "ჯობია დავიხოცოთ, მაგრამ არ დავთმობთ". ეს არის სიმბოლო ქვეყნის თავისუფლების. თავისუფლება უსისხლოდ არ მოდის, ბრძოლის გარეშე არ მოდის. ეს შესაწირი მსხვერპლი, შეიძლება ჩვენები იყვნენ, "აზოვის" ქვედანაყოფი. შეიძლება იყოს გაკეთებული კორიდორი, უმაღლესმა მთავარსარდალმა მიიღოს გადაწყვეტილება და გასცეს ბრძანება, რომ პოლკმა თავისი გარნიზონით დატოვოს ტერიტორია და ამას, რა თქმა უნდა, დაემორჩილებიან, მაგრამ ის ვარიანტი, რომ გამოსასვლელი იყოს და გამოვიდნენ, ქვედანაყოფი არ გამოვა".
მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მათი მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს, "აზოვსტალში" მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეებია. ქუფარაშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია იარაღის მიწოდება და ცის დაკეტვაა:
"ერთადერთი გვესაჭიროება, რომ გაიყვანონ მოქალაქეები, რომლებიც ბოჭავენ ჩვენს მოქმედების თავისუფლებას. მოქმედების თავისუფლება იზრდება, არეალი იზრდება, მეტი მოქმედება შეგვიძლია და საჭიროა იარაღის მოწოდება. მთავარია, ცა დავკეტოთ. სამწუხაროდ, რუსები აკონტროლებენ მარიუპოლის თავზე საჰაერო სივრცეს. ცა თუ დაიკეტა, მე გარანტიას გაძლევთ, რომ მოგაწვდით ქმედებებს, რომლითაც როგორც უკრაინელებს გავახარებ, ისე ქართველ მოსახლეობას. ამის შესაძლებლობა კიდევაა დარჩენილი".
ქალაქი მარიუპოლი1 მარტიდან რუსული ძალების ალყაშია.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


