"გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე შეწყვეტს"
20/04/2022 19:24:42 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბაერბოკის განცხადებით, ბერლინი რუსული ნავთობის იმპორტს ეტაპობრივად შეწყვეტს.
"გერმანია რუსული ენერგორესურსების იმპორტს მთლიანად შეწყვეტს. ნავთობის იმპორტი ზაფხულისთვის განახევრდება და წლის ბოლომდე მთლიანად შეჩერდება", - განაცხადა ბაერბოკმა.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ყიდვა პირდაპირ ომის დაფინანსებაა.
უკრაინაში შეჭრის გამო აშშ-მა უკვე უარი თქვა რუსული ნავთობის იმპორტზე, ხოლო დიდი ბრიტანეთი გეგმავს, ეტაპობრივად წლის ბოლომდე შეწყვიტოს იმპორტი.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


