"გვსურს, ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი მოიცავდეს ენერგოემბარგოს და რუსული ბანკების SWIFT-იდან სრულად გათიშვას"
20/04/2022 17:26:08 მსოფლიო
"ევროკავშირს რუსულ ნავთობსა და გაზზე სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ მოვუწოდებთ", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, დააფინანსოს ეს სისხლისმღვრელი ომი".
"საჭიროა მაქსიმალურად გამკაცრდეს სასანქციო ზეწოლა. ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის სანქციების ხუთი პაკეტისთვის, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთის მხრიდან ომის დაფინანსების შეჩერება შეწყდეს. ჩვენ გვსურს, დამტკიცდეს სანქციების მორიგი, მეექვსე ძლიერი პაკეტი. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს სრული ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებისკენ, მათ შორის ნავთობსა და გაზზე. საბოლოოდ, ყველა რუსული ბანკი უნდა გაითიშოს "SWIFT"-დან, მათ შორის „სბერბანკი“ და „გაზპრომბანკი“. უნდა დაიბლოკოს რუსეთის სახელმწიფო კომპანიების ყველა ანგარიში და ეს ფული უნდა მოხმარდეს უკრაინის რეკონსტრუქციას“, – განაცხადა ზელენსკიმ.


