რუსეთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "სარმატის" გამოცდის შესახებ იუწყება
20/04/2022 16:01:05 მსოფლიო
რუსეთი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "სარმატის" გამოცდის შესახებ იუწყება.
როგორც ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, "რაკეტის წარმატებული გაშვება ქალაქ პლესეცკიდან მოხდა და დაარტყა სამიზნეებს კამჩატკას ნახევარკუნძულზე".
"სარმატს" აქვს უმაღლესი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები. მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს და ეს დასაფიქრებელია მათთვის, ვინც რუსეთის დამუქრებას ცდილობს", – ირწმუნება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


