Accentnews.ge
„რუსეთს დონბასში სერიოზული ტერიტორიული წინსვლა არ აქვს“ - აშშ

„რუსეთს დონბასში სერიოზული ტერიტორიული წინსვლა არ აქვს“ - აშშ

20/04/2022 14:09:52 ევროპა, მსოფლიო

დონბასში შეტევის გააქტიურებიდან რუსეთს არ მიუღია რაიმე მნიშვნელოვანი ტერიტორიული მონაპოვარი,– იუწყება CNN ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც უშუალოდ იცნობენ შეფასებას.

„შეერთებულმა შტატებმა დააფიქსირა რუსული ჯარების მხრიდან რამდენიმე ახალი თავდასხმა, რომლებიც, როგორც ჩანს, საცდელი თავდასხმებია უკრაინის თავდაცვის შესამოწმებლად“, თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ფრონტის ხაზი კვლავ სტატიკური რჩება და ჯერჯერობით არცერთ მსხვილი ტერიტორია არ გადასულა მათ ხელში.

მედიის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, საუბარია იმავე ოდენობის თანხებზე, რაც წინა პაკეტების შემთხვევაში იყო - 800 მილიონ დოლარზე, მაგრამ დეტალები ჯერ კიდევ განიხილება.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი აგრძელებს ძალების თავმოყრას აღმოსავლეთ უკრაინაში მისი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის, ხოლო უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ნარჩუნდება სარაკეტო დარტყმის საფრთხე.

დაზვერვის 20 აპრილის მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები უკვე გამძაფრებულია, რუსები უკრაინული პოზიციების გარღვევას ცდილობენ.

დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთის აქტივობა ჩრდილოეთ უკრაინის ცაზე დაბალი იქნება რუსული სახმელეთო ჯარების ამ მიმართულებიდან გასვლის გათვალისწინებით. თუმცა, ნარჩუნდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უკრაინის მნიშვნელოვან ობიექტებზე სარაკეტო იერიშების საფრთხე, რათა გაარღვიონ თავდაცვა და აღმოსავლეთით იარაღის მიწოდება.

ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა, რომ ალყაში მოქცეული მარიუპოლის წინააღმდეგობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის დაცვაში, რადგან ქალაქის დამცველებზე უწევს რუსეთს იმ ძალის კონცენტრირება, რომლის გამოყვანაც სხვა მიმართულებით შეეძლო.

ანგარიშის მიხედვით, რუსეთის პროგრესის შესაძლებლობებზე კვლავ გავლენას ახდენს ეკოლოგიური, ლოჯისტიკური და ტექნიკური გამოწვევები, რომლებსაც ისინი აქამდე აწყდებოდნენ მაღალმოტივირებული უკრაინელი სამხედროების გამძლეობასთან ერთად.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული":

„არ აქვს მნიშვნელობა რამდენ სამხედროს მოუყრიან თავს, ჩვენ დავიცავთ თავს. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ არაფერ უკრაინულს“.

ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსული არმიის გეგმაა, მართლმადიდებლურ აღდგომამდე მოახდინონ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრული ოკუპაცია.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ მომდევნო ფაზას იწყებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მთელი სპეცოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი“, - განაცხადა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW) წერს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების „ახალ ფაზაზე“, სავარაუდოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად აღების მიზნით. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთში კამპანია ნაკლებად სავარაუდოა, წარმატებული იყოს: „რუსეთის არმიას არ მიუღია აუცილებელი პაუზა წინა ფაზიდან გამოსასვლელად – მისი მორალური განწყობა დაბალია, ხოლო მარაგი – ამოწურული.

სავარაუდოდ, ის შეძლებს უკრაინული მხარე ძლიერად დაქანცოს, მაგრამ ეს იქნება მაღალი ფასი და ვერ განაპირობებს ომის სწრაფ დასრულებას“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S