
ჯონსონი რუსეთს მოუწოდებს, ადამიანურად მოეკიდონ ბრიტანელ ტყვეებს
20/04/2022 13:52:01 ევროპა, მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა რუსეთს მოუწოდა, „თანაგრძნობით და ადამიანურად“ მოეპყრონ უკრაინაში დატყვევებულ ბრიტანელებს და დასძინა, რომ ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მსახურობდა უკრაინის არმიაში და არ იყვნენ დაქირავებული მებრძოლები,– იუწყება Reuters.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქტიურად ვუშლით ხელს ხალხს ოპერაციების თეატრში წასვლაში, მე მესმის, რომ ის გარკვეული პერიოდი მსახურობდა უკრაინულ ძალებში და მისი პოზიცია ძალიან განსხვავდება დაქირავებულისგან“, - განუცხადა ჯონსონმა დეპუტატებს ტყვეობაში მყოფ ეიდენ ასლინთან დაკავშირებით და დასძინა, ”იმედი მაქვს, მას მოეპყრობიან მზრუნველობით და თანაგრძნობით”.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ მათზე ჟენევის კონვეცია არ ვრცელდება:
„მათზე [უცხოელი მებრძოლები] ჟენევის კონვენცია არ ვრცელდება. [...] თავიანთ მეთაურებთან ერთად ბანდერელებიდან, პირველ რიგში, დენაციფიკაციას ექვემდებარებიან. მათ მოუწევთ სრული პასუხისმგებლობის აღება თავიანთ ქმედებებზე, რა თქმა უნდა, თუ გადარჩებიან“.
აღსანიშნავია, რომ ასლინის გარდა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება კიდევ ერთი ბრიტანელი შონ პინერი.
მანამდე, შონ პინერი და ეიდენ ასლინი გამოჩნდნენ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში და ვიქტორ მედვედჩუკზე გაცვლა ითხოვეს.
თემის კომენტირებისას ბრიტანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „ლონდონი არ ეძებს გზებს მოსკოვის დასახმარებლად მედვედჩუკის გამოხსნის მიმართულებით“.