ბაერბოკი: "გერმანიას უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია"
20/04/2022 12:47:44 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანნალენა ბაერბოკის განცხადებით, ბერლინს კიევისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია.
"გერმანია უკრაინელი სამხედროების წვრთნას და ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს. სხვა პარტნიორები ახლა უკრაინას არტილერიას აწვდიან. გერმანიას უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება ამ ეტაპზე არ შეუძლია, რადგან ქვეყანას არ გააჩნდა იარაღი, რომლის გაგზავნა სწრაფად და დაუყოვნებლივ შეუძლია", – განაცხადა ბაერბოკმა რიგაში ლატვიელ კოლეგა ედგარს რინკევიჩთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ გერმანია საჯაროდ არ ისაუბრებს იმ შეიარაღებაზე, რომელიც კიევს უკვე გაუგზავნა:
"ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, "სტინგერის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და ბევრი სხვა იარაღი, რომლებზეც საჯაროდ არ ვსაუბრობთ“.
მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა კიევი დასავლეთს იარაღის, მათ შორის ტანკებისა და თვითმფრინავების მიწოდებას სთხოვს.
ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


