მარიუპოლის მერი მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდებს
20/04/2022 12:07:56 მსოფლიო
მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო მოქალაქეებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მოსახლეობას საშუალება ექნება, საევაკუაციო ავტობუსებში ტაგანროგსკაიას ქუჩაზე, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანასთან და „შევჩენკოს ბულვართან“ ჩასხდნენ.
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რომელიც რამდენიმე კვირაა რუსული ძალების ალყაში იმყოფება, დღეს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, მარიუპოლსა და ზაპოროჟიეს შორის ჰუმანიტარული დერეფანი ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან (თბილისის დროით 15:00 საათი) გაიხსნა.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


