გაერო – ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
20/04/2022 12:03:12 მსოფლიო
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ( UNHCR) აცხადებს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 010 971 მოქალაქემ დატოვა.
UNHCR–ის ცნობით, ბოლო კვირებში ლტოლვილთა გადინების მაჩვენებელი შედარებით დაბალია, ვიდრე ომის დასაწყისში იყო.
მისი განცხადებით, ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპისთვის ყველაზე დიდი ლტოლვილთა კრიზისია.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.


