
პესკოვი: „ბურთი“ უკრაინის მხარესაა: გადავეცით დოკუმენტი მკაფიო ფორმულირებებით“
20/04/2022 11:03:25 ევროპა, მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა "უკრაინას გადასცა დოკუმენტის პროექტი მკაფიო ფორმულირებით".
"დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელიც შეიცავს აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებს. „ბურთი“ მათ მხარესაა. ველოდებით პასუხს",– ციტირებს პესკოვს რუსული მედია.
პესკოვი კვლავ ირწმუნება, რომ „უკრაინული მხარე მუდმივად უხვევს ადრინდელი შეთანხმებებისგან, მუდმივად ცვლის“:
„მოლაპარაკებების ეფექტურობის თვალსაზრისით, ამას ძალიან ცუდი შედეგები აქვს“.
თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ პროექტზე საუბრობს პესკოვი და როდის გადაეცა ის უკრაინულ მხარეს. ცნობილია, რომ საკუთარი მოთხოვნები უკრაინამ რუსულ მხარეს თურქეთში გადასცა და რომ პასუხი ჯერ არ მიუღია.
„უკრაინამ ჯერ კიდევ სტამბულის რაუნდში გადასცა თავისი წინადადებები, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. რუსულმა მხარემ შეისწავლა წინადადებები და გამოხატა თავისი შემხვედრი პოზიცია. შემდეგი - ჩვენი ჯერია შესწავლა, შედარება, დასკვნების გამოტანა. მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის“,– განაცხადა თემის კომენტირებისას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა.
მანამდე პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მარიუპოლის ალყამ კიდევ უფრო გაართულა მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის და რომ რთული ძნელი სათქმელია, როდის შეიძლება, განახლდეს მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტები.