შარლ მიშელი: "ისტორია არასდროს დაივიწყებს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებს"
20/04/2022 11:00:57 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ისტორია არასდროს დაივიწყებს ბოროდიანკაში, ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალ ქალაქში ჩადენილ ომის დანაშაულებს. ვერ იქნება მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, – წერს შარლ მიშელი.
ცნობისთვის: ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.


