
„ეს პუტინის სტრატეგიული ოპერაციის ჩავარდნაა, მედვედჩუკი თანამშრომლობს, ცდილობს, ივაჭროს“ – გონჩარუკი
20/04/2022 09:39:18 ევროპა
„უნდა გვესმოდეთ, რომ ეს ვლადიმირ პუტინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სპეცოპერაციის ჩავარდნაა“ – ასე აფასებს უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ალექსეი გონჩარუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ვლადიმირ პუტინის ნათლულის მამის, უკრაინელი პოლიტიკოსის და ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის დაკავებას და მას საკუთარი ინფორმაციებით ამყარებს:
„მედვედჩუკი ომის დაწყების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში კიევში რჩებოდა, რადგან ჰქონდათ [რუსეთში] იმედი, რომ კიევი დაეცემოდა, ზელენსკის [უკრაინის პრეზიდენტი] მოკლავენ ან გაიქცეოდა, შეიქმნებოდა რუსეთის მიმართ ლოიალური გარემო და ამ ვითარებაში მედვედჩუკს უნდა ეთამაშა კრიტიკული პოლიტიკური როლი – ახალი ძალის ლიდერის. ამდენად, მას მთავარი პოლიტიკური როლი ჰქონდა და სწორედ ამიტომ დატოვეს კიევში. შემდეგ მისი დამალვა სცადეს, რადგან გაიაზრეს, რომ კიევი არ „ჩაბარდებოდათ“.
მისი ინფორმაციით, პუტინმა პირადად FSB–ს ხელმძღვანელს დაავალა, მედვედჩუკის უკრაინიდან ევაკუაციის მიზნით სპეციალური ოპერაცია ჩაეტარებინა:
„ამაზე იყო პასუხისმგებელი FSB–ს ე.წ. „პირადი უსაფრთხოების“ სამსახური, რომელიც ელიტურად ივლება – ანუ აგენტები, რომლებიც აგენტურას ადევნებენ თვალყურს. ამიტომ ვამბობ, რომ ამ ოპერაციას პუტინისთვის სტრატეგიულად დიდ მნიშვნელობა ჰქონდა. და უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა არათუ რომელიღაც დამნაშავე, მოქალაქე ან პერსონაჟი დააკავა, არამედ მან პირადად პუტინს „ჩაუგდო“ სტრატეგიული სპეცოპერაცია. ამ ჩავარდნის პროცესში FSB უკიდურესად სულელურად გამოიყურებოდა. ვიცი, რომ ორგანიზაციული დასკვნები FSB–ს შიგნით გაკეთებულია და მანდ „გარჩევები“ მიმდინარეობს“.
მისი ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს დაკავებული მედვედჩუკის დაკითხვა და ისიც ეტაპობრივად გასცემს მისი მოკავშირეების შესახებ ცნობებს. ხოლო გაიცვლება თუ არა მედვედჩუკი, ყოფილი პრემიერი დარწმუნებულია, რომ ეს პირადად უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და მას ესმის ზელენსკის მოტივაცია – მაქსიმალურად მეტი ადამიანის სიცოცხლე იხსნას:
„მედვედჩუკს ესმის, რომ უკრაინის ხელისუფლებაზეა მისი ბედი დამოკიდებული, რადგან სრულიად შესაძლებელია, არვისზე გაცვალონ. გასაგებია, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკება არ გამოვა, რადგან ისინი მოქმედებენ როგორც ტერორისტული ორგანიზაცია და მათი ამოცანაა, მაქსიმალურად ბევრი უკრაინული ქალაქი გაანადგურონ. ამ პირობებში ამხანაგი მედვედჩუკი უკიდურესად არასახარბიელო ვითარებაში გრძნობს თავს, ამიტომ, ცდილობს, ითანამშრომლოს, ივაჭროს... ის ეცდება, გამოივაჭროს მისთვის მეტ–ნაკლებად მისაღები ბედი და ამიტომ უფრო მეტ კოლეგაზე გასცემს ინფორმაციას. თუ პუტინი მის გამოსახსნელად მის ხელთ არსებულ ყველა ძალას და რესურს არ გადმოისვრის, მედვედჩუკი ჩათვლის, რომ „გაყიდეს“ და გასცემს პუტინსაც. ჩვენ ვიქნებით მოწმენი ჰააგაში პუტინის გასამართლების“.
პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისათვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ვიქტორ მედვედჩუკი, რომელსაც ახლო ურთიერთობები აკავშირებს ვლადიმირ პუტინთან, უკრაინაში 12 აპრილს დააკავეს. მალევე პრეზიდენტმა ზელენსკიმ კრემლს შესთავაზა, „თავიანთი ბიჭი“ მარიუპოლში ბლოკირებულ მშვიდობიან მოქალაქეებზე გაცვალონ, თუმცა 19 აპრილს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთავაზებას რეაგირება არ მოჰყოლია.
მანამდე, ორიოდ დღის წინ გავრცელდა მედვედჩუკის მიმართვა, რომელმაც გაიმეორა ზელენსკის შეთავაზება. კერძოდ, მან უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს სთხოვა, მარიუპოლის მკვიდრებზე გაცვალონ, რომლებიც ერთი თვეა ქალაქის დატოვებას რუსული ალყის გამო ვერ ახერხებენ.
20 აპრილს უკრაინული მხარისგან ცნობილი გახდა, რომ 14:00 საათისთვის მარიუპოლიდან ქალების, ბავშვების და მოხუცების გამოსაყვანად ჰუმანიტარული დერეფანი შეთანხმდა. არის თუ არა კავშირში ეს ცნობა პრეზიდენტ ზელენსკის ინიციატივასთან, ამ დროისთვის უცნობია.