აშშ–ის ყოფილი მაღალჩინოსანი: "2008-ში შეცდომა დავუშვით, გვეგონა, რომ სააკაშვილის გამო ხდებოდა"
20/04/2022 08:53:28 მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი დირექტორი ფიონა ჰილი აცხადებს, რომ დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში არაერთი შეცდომა აქვს დაშვებული, რამაც, საბოლოოდ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრა გამოიწვია. ამ კონტექსტში მან საქართველოზეც გაამახვილა ყურადღება.
„ვფიქრობ, ბევრი შეცდომა დავუშვით საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ შეფასების დიდი ნაწილი იყო, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის გამო ხდებოდა. [...] იყო შეგრძნება, რომ ეს რაღაც პირადი [დაპირისპირება] იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცხადი იყო, რომ ეს უფრო ფართო საკითხი იყო“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს უფრო ძლიერი პასუხი უნდა გაეცა რუსეთისთვის ლიტვინენკოს საქმის გამო. მან ასევე გაიხსენა მამა-შვილი სკრიპალების საქმე.
„ჩვენ არ გვიპასუხია ისე მკაცრად, როგორც საჭირო იყო. ურთიერთობა ისე გავაგრძელეთ, თითქოს არაფერი შეცვლილა“, – განაცხადა ჰილმა.
რუსეთი საქართველოში 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა. მოგვიანებით, მან საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარა. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია. ამჟამად რუსული ძალები დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს, რასაც წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატო–ს წევრი. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 4,9 მილიონს გადააჭარბა.


