პუტინის სამხედრო დამნაშავეთა დეანონიმიზაცია: “Big data” და ჰაკერები იურისტებს ფასდაუდებელ დამხმარეებად ექცნენ

20-04-2022 03:24:56 რეპორტაჟი

საცხოვრებელი მისამართი, ახლობლების სატელეფონო ნომრები, მეუღლეების პირადი გვერდები “ინსტაგრამში” – ხდება რუსი სამხედროების ფაქტობრივად სრული დეანონიმიზაცია. ახალი ციფრული რეალობა წამოეწევა ყველას, ვინც დღეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში მონაწილეობს.

“Big data” და ჰაკერები უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შემსწავლელ იურისტებს ფასდაუდებელ დამხმარეებად ექცნენ, - ამბობს იურისტი ილია ნოვიკოვი, რომელიც ამჟამად უკრაინულ “ტერიტორიულ თავდაცვაშია” გაერთიანებული და მტკიცებულებების შეგროვება-ფიქსაციას კურირებს.

“გვაქვს, მაგალითად, უამრავი მონაცემი ტელეფონებიდან, რომლებიც ადრე უკრაინელებს ეკუთვნოდათ, ომის დაწყების შემდეგ კი ამ ნომრებიდან რუსეთში დაიწყეს რეკვა – ცხადია, რუსმა სამხედროებმა. ვიცით, სად იყო ეს ტელეფონები, ვიცით, სად ხორციელდებოდა ზარები. შეგვიძლია, შევადაროთ ეს მონაცემები ომში მონაწილე რუსი სამხედროების არსებულ სიებს. შეგვიძლია იმის დადგენაც კი, სად რომელი შენაერთი თუ სამხედრო ნაწილი მოქმედებდა, განსაკუთრებით – თუ მათ ერთ ლოკაციაზე რამდენიმე დღე მაინც გაატარეს და საკმარისი კვალი დატოვეს” – განმარტავს მუშაობის პრინციპებს ნოვიკოვი.

მაროდიორობის ნაწილში დღემდე აღრიცხულთაგან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი საკურიერო მომსახურების კომპანია “CDEK”-ის ოფისში გადაღებული ვიდეოკადრებია: სამხედროები ნაქურდალს ბელარუსიდან რუსეთში გასაგზავნად ამზადებენ:

იმას, თუ როგორ ხდება მონაწილეთა იდენტიფიცირება, ანტონ მატოლკო - იმ ტელეგრამ-არხის ავტორი განმარტავს, რომელმაც ეს და სხვა ვიდეორგოლები პირველმა გამოაქვეყნა:

“ვიღაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სახეების იდენტიფიცირებას ცდილობს და ამისათვის ყველაზე ხელსაყრელ კადრებს არჩევს. ვიღაც გზავნილებსა და მათ მოცულობებს აანალიზებს. ამ პროცესში როგორც ჟურნალისტები, ისე IT-სპეციალისტები არიან ჩაბმულები – ძალიან ბევრი მოხალისე გვყავს. ამ ადამიანებს უბრალოდ სურთ, არც ერთ სამხედრო დამნაშავეს სასჯელი არ ასცდეს. დეანონიმიზაციის ძირითადი მიზანი სწორედ ესაა. ვფიქრობ, უკვე არსებული ტერაბაიტობით მსგავსი კადრის მეშვეობით მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და ჩვენი მონაცემები მომავალ ტრიბუნალს მნიშვნელოვნად დაეხმარება”.

როგორც იურისტები აღნიშნავენ, ინფორმაციის გადამუშავებასა და ვერიფიკაციას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, რადგან მონაცემთა მსგავს მოცულობას ისინი უახლესი ისტორიის არც ერთ კონფლიქტში არ წასწყდომიან.

“მონაცემი უკვე უამრავია, მეტისმეტად ბევრი. როგორც ყველა ომში, აქაც მათი ვერიფიკაცია დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. ავთენტურობის დადგენა პრაქტიკაში მარტივი ნამდვილად არ იქნება. აუცილებლად უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დადარება სხვა არსებულ მონაცემებთან, დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებთან, მაგალითად, სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებთან და ა.შ.” - განმარტავს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი გლებ ბოგუში, თუმცა იქვე დასძენს, რომ როგორც საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, ადრე თუ გვიან, სასჯელი გარდაუვალია:

“დიახ, წინ უდავოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი გველის, თუმცა საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, სამხედრო დანაშაულებს ვადა არ აქვთ და სანამ მათი ჩამდენები ცოცხლები იქნებიან, მათ თავზე ყოველთვის იქნება აღმართული ეს დამოკლეს მახვილი”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები