
„აზოვსტალის“ ქარხანა თითქმის მთლიანად განადგურდა“ – „აზოვი“
19/04/2022 17:36:58 ევროპა
„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ "კალინა" პალამარმა განაცხადა, რომ მარიუპოლში მდებარე ქარხანა "აზოვსტალი", რომელსაც ასობით მოქალაქე აფარებდა თავს, დაბომბვის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.
მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ხალხის ნანგრევებიდან გამოყვანას ცდილობენ:
„ნანგრევების ქვეშ უამრავი ადამიანია. ჩვენ ბოლომდე არ ვიცით, რა სიტუაციაა იქ, მაგრამ "აზოვსტალი" დაბომბეს და თითქმის მთლიანად განადგურდა. ხალხი ნანგრევებიდან გამოგვყავს...
ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა დარჩენილ ვაზნას, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და გადაასვენოს ცხედრები“.
მისი თქმით, აზოვსტალის ტერიტორიაზე საავადმყოფო მოეწყო, სადაც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები იმალებიან.
ქარხანაზე იერიშის დაწყების შესახებ დღის პირველ ნახევარში გახდა ცნობილი.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „რუსეთის ჯარებმა დაიწყეს დონბასისთვის ბრძოლა, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის დიდი ნაწილი ამ შეტევაშია ჩართული":
„არ აქვს მნიშვნელობა რამდენ სამხედროს მოუყრიან თავს, ჩვენ დავიცავთ თავს. ჩვენ ვიბრძოლებთ და არ დავთმობთ არაფერ უკრაინულს“.
ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსული არმიის გეგმაა, მართლმადიდებლურ აღდგომამდე მოახდინონ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრული ოკუპაცია.
მგვიანებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში „სპეციალური ოპერაციის“ მომდევნო ფაზას იწყებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მთელი სპეცოპერაციის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი “, - განაცხადა ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტიც (ISW) წერს ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების „ახალ ფაზაზე“, სავარაუდოდ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად აღების მიზნით. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აღმოსავლეთში კამპანია ნაკლებად სავარაუდოა, წარმატებული იყოს: „რუსეთის არმიას არ მიუღია აუცილებელი პაუზა წინა ფაზიდან გამოსასვლელად – მისი მორალური განწყობა დაბალია, ხოლო მარაგი – ამოწურული.
სავარაუდოდ, ის შეძლებს უკრაინული მხარე ძლიერად დაქანცოს, მაგრამ ეს იქნება მაღალი ფასი და ვერ განაპირობებს ომის სწრაფ დასრულებას“.