
ელისაშვილი: „უკრაინელები ქართულ დროშას რომ ხედავენ, მოდიან და მადლობას გეუბნებიან“
19/04/2022 14:58:25 საზოგადოება
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ მოხალისის სტატუსით იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა.
მან პირველი კომენტარი საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა და აღნიშნა, რომ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში კვლავ წავიდეს.
დეპუტატმა ისაუბრა უკრაინაში მყოფ ქართველ მეომრებზე და ადგილობრივების მათდამი დამოკიდებულებაზე.
„ქართველ მეომრებს ძალიან დიდი სახელი აქვთ. არიან მეომრები, რომლებიც წლებია (ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის მოვლენების შემდეგ), იქ არიან და არიან ქართველები, რომლებიც ახლა ჩავიდნენ. ძალიან მაგარი სახელი აქვთ, რადგან მართლა ძალიან მაგრად იბრძოდნენ და, სამწუხაროდ, მსხვერპლიც გვაქვს. მე უცხოურ ლეგიონში ვიყავი, ნახევარზე მეტი, უცხოელები იყვნენ და, უცხოელებთან იქნება თუ უკრაინელებთან, ყველამ იცის, რომ ქართველი მეომრები არიან ერთ-ერთი საუკეთესოები, თუ არა - საუკეთესოები და ეს ძალიან საამაყო ამბავია: უკრაინელები რომ ხედავენ ქართულ დროშას, მოდიან, მადლობას გეუბნებიან, ცრემლები მოსდით... უკრაინელებიც და პოლონელებიც, სხვათა შორის“,– გაუზიარა შთაბეჭდილებები ელისაშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მან ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება:
„თვეზე მეტი ვიყავი იქ და ბოლო პერიოდში, არც ისეთი ინტენსიური დავალებები იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი. როგორც კი დავინახავ, რომ საჭირო ვარ, ახლა გაცილებით უკეთ ვიცი გზაც და კვალიც. თუ წინა ჩასვლაზე ერთი კვირა ვიბოდიალე, ვიდრე ლეგიონამდე მივაღწევდი და იარაღს ავისხამდი, ახლა ზუსტად მეცოდინება, სად არის იარაღი, სად არის აღჭურვილობა, სადაა ქვედანაყოფი და ა.შ.“.
უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომს ცხრა ქართველი ემსხვერპლა.